ქემოკლიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ხალხის მოსმენის ოპერატიულ ტექნიკური ბაზა მხოლოდ სუსს გააჩნია
ივანიშვილის ოჯახის შესაძლო მოსმენის სკანდალი - პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც საქართველოში შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა აქვს, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურია, ეს უწყება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია.
ქემოკლიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ეკატერინე ხვედელიძის საუბარია ასახული, რუსეთის ფედერაციას გაეკეთებინა.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ივანიშვილზე, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს.
დღეს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ტექნიკური შესაძლებლობები აქვს მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. ეს არის უწყება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ფაქტობრივად 100%-ით კონტროლდება ბატონი ივანიშვილის მხრიდან, დღეს სისტემის შეიგნით იკვეთება კონტურები, ყოველი შემთხვევაში, მე ამას ინსტიქტების დონეზე ვგრძნობ, რომ სახელმწიფო უახლოვდება გარდამტეხი მომენტისთვის.
თუ გახსოვთ, 2012 წელს, მაშინდელმა ძალიან მკაცრად აწყობილმა ვერტიკალმა არჩევნები წააგო მოდულის შენობაშიც. მსგავსი ტიპის ჩანაწერები რომ გავრცელდეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს შიგნიდან გამოსული ინფორმაციაც, თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი. ეს შეიძლება იყო გადაჭერაც, ასე ვთქვათ, ან თვითონ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც ყოველთვის მსგავსი ტიპის კომუნიკაციას ე.წ. კომპრომანტად იყენებს იმ პოლიტიკური თანამამდებობის პირების მისამართით, ვისი დაშანტაჟებაც უნდა.
დარწმუნებული ვარ, ბატონ ივანიშვილზე, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, დაწყებული ბიზნეს-ინტერესებით, დამთავრებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირებთან, რუსეთის ფედერაციის შიგნით კავშირებით, გაგრძელებული პატარ-პატარა საყოფაცხოვრებო კომუნიკაციით და ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი ამას მიანიშნებს", - ამბობს ქემოკლიძე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსული კომპანის წარმომადგენელთან, ილიასთან, ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც სუს-ი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.