ჩაშლილი სხდომები - "ერთიანობის" წარმომადგენლების თქმით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მათ სპეცსიები არ გადასცა
ჩაშლილი სხდომები წინასაარჩევნოდ - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სალომე კაპანაძე და მარიამ დოლიძე ამბობენ, რომ N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მათ სპეციები ერთი კვირით ადრე არ გადასცა და ოპოზიციას სპეცსიაში შეყვანილი პირების გადამოწმების საშუალება არ მისცა.
კაპანაძე და დოლიძე ამბობენ, რომ სწორედ ამ მიზნით, საოლქოს თავმჯდომარემ სპეციალური სია მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეიტანა და ხმის მიცემა მოითხოვა, რის გამოც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
რაც შეეხება ჩაშლილ სხდომებს, მარიამ დოლიძე ეჭვობს, რომ ცესკო სპეციალური სიების ტექნიკურ უზრუნველყოფას ვერ ახდენს და სწორედ ეს გახდა სხდომის გადადების მიზეზიც.
„ჩანიშნული იყო სხდომები თბილისის მასშტაბით, ეს იყო გლდანი, საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, ისან-სამგორი, ვაკე, ყველა მათგანში აბსოლუტურად ჩანიშნული იყო სხდომა დილის 10 საათზე. აბსოლუტურად ყველა მათგანში სხდომა გადადეს პირველ საათამდე და შემდეგ ხელმეორედ გადადეს სხდომები 3 საათამდე, როგორც ისანში, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ აბსოლუტურად ყველა ოლქში.
სხდომების გადადების ერთადერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცესკო ვერ მუშაობს და თუ მუშაობს ხარვეზებით მუშაობს. ვერ ახდენდნენ სპეციალური სიების ტექნიკურ უზრუნველყოფას და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ორჯერ გადადეს სხდომა და მესამედ ჩანიშნული სხდომა, ისიც დაგვიანებით, ძლივს დაიწყეს და ფაქტობრივად ჩვენს კომისიის წევრებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ გამართულად ნორმალურ პროცესში იმუშაონ. წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 10 დღით ადრე კონკრეტული ოლქის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლაშვილი არ წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ეს ადამიანი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შტაბის ხელმძღვანელს, მისთვის ალბათ ეს კომპლიმენტიც არის. ეს ადამიანი არ ემსახურება ქართველ ამომრჩეველს, ეს ადამიანი არ დაიცავს ქართველი ამომრჩევლის ხმას, ეს ადამიანი უზრუნველყოფს ივანიშვილისთვის ხმების მოპარვას.
ადრე თუ ხდებოდა ამ სიების ხელით ფორმირება, ახლა ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულ რეჟიმში და სისტემა კი არა, ეს ადამიანები ვერ მუშაობენ. ამ რეჟიმში აპირებენ არჩევნების ჩატარებას? წეღან თქვენც, ჟურნალისტებმაც გაიგონეს როგორ თქვეს, რომ რამდენჯერაც მოუნდებათ, იმდენჯერ გადადებენ სხდომებს და როცა მოუნდებათ მაშინ ჩანიშნავენ. ქალბატონო ფიქრია, შეიძლება სხდომები გადადოთ, მაგრამ არჩევნებს ვერ გადადებთ.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მარიამ დოლიძემ.
"პირველებთან" ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადგილზე მთელი დღე ტრენინგები ტარდებოდა და მისი თქმით, სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა სხდომის ჩატარება.
სალომე კაპანაძის თქმით კი დღეს სხდომაზე სამი საკითხი უნდა განხილულიყო, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ სპეციალური სიები იყო.
კი თუ რატომ არ მიაწოდა ოპოზიციონერებს კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული სიები ერთი კვირით ადრე, გაუგებარია სალომე კაპანაძისთვისაც, რადგან მისი თქმით, კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს სრული უფლება ჰქონდათ ეს ადამიანები გადაემოწმებინათ.
"დღეს დილით 10 საათზე უნდა ჩატარებულიყო საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, მაგრამ 13:00-მდე გადაიდო დას შემდეგ 13:00-ზეც გადაიდო, ასევე გაურკვეველი მიზეზით. წესით, დღეს უნდა განხილულიყო სხდომაზე სამი საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სპეციალური სია. მინდა ვთქვა, რომ ერთი კვირით ადრე ჩვენ საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მივმართეთ განცხადებით, მოეწოდებინათ ჩვენთვის სპეცსიები, რათა გვქონოდა შესაძლებლობა, გადაგვემოწმებინა სიებში შეყვანილი პირები მართლაც მუშაობდნენ თუ არა საოლქო-საარჩევნო კომისიაში და ნამდვილად საჭიროებდნენ თუ არა ხმის მიცემას თბილისში და ამ კონკრეტულ მისამართზე. სპეცსიებში შეყვანილია ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ცესკოში და გადანაწილებული არიან სხვადასხვა უბნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავდით ისანში მიმაგრებულ ცესკოს თანამშრომლებს და ასეთი არის 700-ზე მეტი განცხადება შემოსული, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, ქალბატონმა ფიქრიამ რატომ არ მოგვაწოდა ეს სიები ერთი კვირით ადრე, რადგან კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს გვქონდა სრული უფლება გადაგვემოწმებინა ეს ადამიანები და დავრწმუნებულიყავით იმაში რომ სიაში სწორად იყვნენ აღნიშნული, მაგრამ რატომღაც, ქალბატონმა ფიქრიამ გადაწყვიტა რომ ეს სია სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოეტანა, რის გამოც არ მოგვეცა საშუალება, გავცნობოდით ამ სიას, ამიტომ ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა რაიმე სახის კენჭისყრაში, არ მიგვიცია ხმა ამ საკითხისთვის, რადგან წარმოუდგენელია, ხმა მისცე სიას, რომლის შემადგენლობა უცნობია", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში სალომე კაპანაძემ.
ცნობისთვის, მარიამ დოლიძის თქმით, მაშინ როდესაც ის N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით ინტერვიუს აძლევდა, საოლქო საარჩევნო კომისიასთან ე.წ. “ძველი ბიჭები" გამოჩდნენ, რომლებმაც რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარი მოისმინეს, რასაც, დოლიძის თქმით, ადგილზე დანით შეიარაღებული პირის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.