ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება - პრეზიდენტი გია ხუხაშვილს ხვდება

16.10.24 17:34
ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება - პრეზიდენტი გია ხუხაშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციები გრძელდება - ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ხუხაშვილმა მედიასთან განაცხადა, ქვეყნის მთავარსარდალთან განხილვის მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები იქნება.

გია ხუხაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს საზოგადოებას არჩევნებამდე ადრე გააცნობს, მიღებული გადაწყვეტილება ქართველ ხალხში პატივისცემას დაიმსახურებს. 

ამასთან, ხუხაშვილმა პრემიერობის კანდიდატად ნიკა გილაურის შესაძლო დასახელების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ არ ჰგონია, გილაურის კანდიდატურა განიხილებოდეს.

ბუნებრივია, არჩევნები მოდის და პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის გარანტი, სახელმწიფოს მეთაური ხვდება ყველას, მათ შორის, მეც იმისათვის, რომ მშვიდობიან, წყნარ გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა. ის, რომ არჩევნებამდე უნდა დასახელდეს ტექნიკური მთავრობა და პრემიერი, პრეზიდენტის მოსაზრებაა. საერთოდ ყველა ფიგურანტი, რომელმაც უნდა მართოს მომავალში ქვეყანა, თუ წინასწარ იქნება ამომრჩევლისათვის ცნობილი, ეს ამომრჩევლისადმი პატივისცემას ადასტურებს", - ამბობს გია ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი გია ხუხაშვილს უკვე მეორედ ხვდება. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტი კონსულტაციებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც აწარმოებს. 

მსგავსი სიახლეები