იერიშის მეორე სერია - ვინ ამოიღო პრეზიდენტი სამიზნეში ამჯერად?
შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ ამჯერად სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იუსტიციის მინისტრი გამოვიდა. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ადმინისტრაციის რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დააანონსა, რომ პრეზიდენტის სასახლეში სადამკვირვებლო ცენტრს შექმნის.
რატი ბრეგაძემ პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროში დაიბარა, თუმცა უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა.
ამის პარალელურად, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამიზნე "მელაძის შაბათის" გუნდია. პოლიტიკურ სცენაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის გამოვიდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. არადა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს კონკრეტული სახელებით და გვარები, კონკრეტული მონაცემები და მოიპოვეს, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების და მათი ნათესავების აღიარებითი ჩვენებებიც, რომ ქართული ოცნება საჯარო მოხელეებს პარტიისთვის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ. დღეს უკვე გაზეთმა ბათუმელებმა მოიპოვა ახალი დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ქართული ოცნება არჩევნების წინ უკანონოდ ამუშავებს საქართველოს ათობით ათასი მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს და პარტიას კი ინფორმაციას მთავრობა აწვდის რაც დანაშაულია.
ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ფაქტებზე საუბრობენ აფრიკის დასახლებაშიც, სადაც რამდენიმე დღის წინ, "ოცნების" სახელით დიდი ქეიფი მოაწვეს. გუმათჰესის ქუჩის მაცხოვრებლების მოსყიდვა სამწვადით და ლუდით სცადეს.
"პირველების" ცხელ ხაზზე არ წყდება შეტყობინებები, სადაც მოქალაქეები გვწერენ, როგორ სთავაზობენ მათ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები პირველები, ხმების სანაცვლოდ ქეიფს და საწვავის ტალონებს.