ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება - ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, სხდომაზე რამდენიმე პოლიტიკურ საკითხი იქნება განხილული, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება.
„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.
ამასთან, ცნობილია, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ.
ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.