კალაძემ ბორელის განცხადებას "სისულელე" უწოდა

17.10.24 15:23
კალაძემ ბორელის განცხადებას "სისულელე" უწოდა

საქართველოს შესახებ ბრიუსელიდან წამოსულ მწვავე გზავნილებს "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - კახა კალაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას "სისულელეს" უწოდებს.

თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ევროპელი ლიდერის მიერ საქართველოში განვითარებული მოვლენების დემოკრატიულ უკუსვლად შეფასება "მოგონილი ბრალდებაა".

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპულ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს არა, ყოველდღიურობაში ხომ გრძნობენ თავისუფალია, არ არის თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე, არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს. 2012 წლამდე პირდაპირ ამას აკეთებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. შედარება ხომ მარტივი გასაკეთებელია, თუ რა ხდებოდა მაშინ და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა. ნახეთ სტატისტიკები, საერთაშორისო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მიღწევები, ეს ხომ შეუძლებელია, არასწორი იყოს", - ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის მსგავსად, ბორელის გზავნილს არც ვიცე-პრემიერი იზიარებს. ლევან დავითაშვილმა ბორელი "სუბიექტური" განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

ჩვენთვის არ ახალია ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის. მოულოდნელი და სიახლე ამ პროცესში არაფერია. სამწუხაროდ, ხდება, ხშირ შემთხვევაში, პროცესების სუბიექტურად შეფასება, რაც არ არის კარგი, რადგან ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, რადგან მაქსიმალურად ტრანსფარენტური და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი. დანარჩენი, მეტი შეფასება, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ზედმეტია. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი", - ამბობს ლევან დავითაშვილი. 

საქართველოს შესახებ ბრიუსელიდან მწვავე გზავნილები მოდის - ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროპელი ლიდერები მედიასთან მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად საუბრობენ.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია, რადგან "სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს".

ევროპელი ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლააამიტომ ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურს სვლა. 

მსგავსი სიახლეები