კრემლი ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის გამო აქებს

17.10.24 15:08
კრემლი ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის გამო აქებს

კრემლი ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის გამო აქებს - 16 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ილაპარაკა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივა მოუხადოს ბოდიში "სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილისრეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედებს იძლევა".

მან ასევე თქვა, რომ სოხუმი და ცხინვალიც მზად არიან "გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში":

"ჩვენ გვესმის, რომ არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება. მაგრამ ერთია მეხსიერების არდავიწყება და შენახვა, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მძევლად სააკაშვილმა აიყვანა". 

სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი "სასიცოცხლოდ" დაინტერესებულია ამ "სახელმწიფოებს" შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.

"საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით განიხილება.

ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება. რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია". – თქვა ზახაროვამ.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები