ცესკო ყველა დონეზე დაკომპლექტებულია "ოცნების" პარტიული აქტივით – მეზვრიშვილი
პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ცესკო ყველა დონეზე დაკომპლექტებულია "ოცნების" პარტიული აქტივით. მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის.
პარტიის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში, რომელიც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე საზოგადოებას წარუდგინა, ნაჩვენებია ნათესაური კავშირები. "ეს არის ძალიან დეტალური სქემა ადამიანების, სახელებით და გვარებით, რომელიც ადასტურებს რომ საუბნო, საოლქო კომისიები დაკომპლექტებულია "ოცნებასთან" აფილირებული პირებით" - აცხადებს მეზვრიშვილი.
"გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ და და ცესკოს თავმჯდომარემ თქვეს, რომ თითქოს ცესკო თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან და თითქოს ცესკო არ არის სახელისუფლებო ინსტიტუცია. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება, თურმე როგორი მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო გვაქვს და ითხოვდა მტკიცებულებებს ოპოზიციისგან, დამკვირვებლებისგან.
დღეს მოვიტანეთ მტკიცებულები კიდევ ერთხელ, რაც ადასტურებს, რომ ცესკო არ არის დამოუკიდებელი. რეალურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე - საოლქო, საუბნო და აღარაფერს ვამბობ, თვითონ თავმჯდომარეზე და ცესკოს შემადგენლობაზე - დაკომპლექტებულია ოცნების პარტიული აქტივით და საჯარო სექტორში ოცნების მიერ ჩანერგილი პარტიული აქტივით. ეს არის ძალიან დეტალური სქემა ადამიანების, სახელებით და გვარებით, რომელიც ადასტურებს რომ საუბნო, საოლქო კომისიები დაკომპლექტებულია ოცნებასთან აფილირებული პირებით, მერიებში, საკრებულოებში დასაქმებული პარტაქტივით და პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ადამიანებმა, რომელთაც აბარიათ ხმების დათვლა, რიგის მოწესრიგება და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უბნებზე მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შედის ცესკოს ინტერესებში. გასაოცარია, ეს ნათესაური კავშირების მასშტაბი ამ სქემებში და ყველა არის ერთმანეთის ოჯახის წევრი, ნათესავი და საბოლოოდ, ყველა გზა მიდის ოცნებამდე, სახელისუფლებო პარტიამდე. არის ძალიან ბევრი ინტერესთა შეუთავსებლობა.
ეს ყველაფერი ადასტურებს, თუ ვის ხელშია თავისუფალი და ნათელი არჩევნები და ადასტურებს, რომ ყველა აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც არ კონტროლდება. ყველა ვინც გეუბნებათ, რომ თქვენი ხმების ფარულობა კონტროლდება და ხელისუფლება გიყურებთ - გატყუებთ, ამიტომ გთხოვთ, მიდით არჩევნებზე". - თქვა მეზვრიშვილმა.