საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას - რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში

18.10.24 11:16
საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას - რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას - რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, ეს სიტყვები ევროპულმა საბჭომ, საბოლო დასკვნაში ჩაწერა და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება პროდასავლური ხელისუფლება. საბჭომ კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს.

ბრიუსელი ახლა განსაკუთრებით ელოდება 26 ოქტომბერს და ქართველი ხალხის არჩევანს.  

დასკვნაში, ევროპელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთი ზღვარი გაავლეს ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპაში და ამბობენ, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროპული საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს.
ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს", - წერია დასკვნაში. 

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი.

17 ოქტომბერს გამოქვეყნებული დასკვნა ეხება სხვადასხვა საკითხს და ქვეყანას, მათ შორის ომს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

 

მსგავსი სიახლეები