საქართველოს ჰყავს ოროსანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - თამაზ დათუნაშვილი
საქართველოს ჰყავს ოროსანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დათუნაშვილი ნათია თურნავას ბოლოდროინდელ საქმიანობას. ოპოზიციის წევრის თქმით, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ეროვნული ბანკმა რეკორდულად დიდი მოცულობის ინტერვენცია განახორციელა, რაც კოვიდპანდემიის დროსაც კი არ მომხდარა.
დათუნაშვილი ამბობს, რომ ამის რეალური მიზეზი წინასაარჩევნოდ ლარის კურსის ყველაფრის ფასად დაჭერაა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" საარჩევნო მიზნებისთვის უპრეცედენტოდ ბევრ ფულს ხარჯავს, რაც ლარის კურსისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს.
დღეს ოფიციალურად გაფორმდა საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოს ჰყავს ოროსანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ამ პოსტზე საქმიანობა საზიანოა ჩვენი საფინანსო სისტემისათვის.
უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, პირდაპირი აუქციონის და ბიმატჩ პლათფორმის საშუალებით 250 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა ლარის კურსის დასაჭერად. მათ შორის, ბოლო 70 მილიონიანი ინტერვენცია იყო უპრეცედენტო, აქამდე გამოტანილი თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 60 მილიონს.
შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი რეკორდულია კოვიდ კრიზისის ყველაზე ცუდ პერიოდთან მიმართებაშიც კი.
"გლობალ ფაინანსის" მიერ ოროსნად გამოცხადებული ნათია თურნავა ამას ამართლებს ერთჯერადი დიდი ტრანზაქციებით დოლარში და არა მაკროეკონომიკული ვითარების გაუარესებით, რაც სრული აბსურდია.
სინამდვილეში, თურნავა ასრულებს მთავრობის დავალებას, რომ ყველაფრის ფასად დაიჭიროს ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე, რათა წინასაარჩევნოდ არ გაუფასურდეს ვალუტა. რეალურად კი, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ხარჯავს უპრეცედენტოდ ბევრ ფულს ეროვნულ ვალუტაში მოსყიდვის და სხვა საარჩევნო მიზნებისათვის, რაც დიდ სტრესს წარმოადგენს ლარის კურსისთვის, სწორედ ამ ეფექტის გადაფარვაა ოროსანი თურნავას მიზანი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე კურსის ასეთი მცირედი ცვალებადობის დროს, ეროვნული ბანკი არასდროს ახდენდა სავალუტო ინტერვენციას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურნავა და მის მიერ მიტაცებული ეროვნული ბანკი ემსახურება რუსეთის, რუსული მთავრობის და სანქცირებულების ინტერესებს და არა საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი საბანკო სისტემის ინტერესებს, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.