წითლიძე: გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ ხელისუფლებისა და "ოცნების" მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცდილობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოიღონ, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე მოქალაქეებს ემუქრებიან, რომ თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, სამსახურების დატოვება მოუწევთ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ანა წითლიძემ ბრიფინგზე გააკეთა და დაასახელა „ქართული ოცნების“ის მხარდამჭერები, რომლებიც მისვე თქმით, სამეგრელოში მოქალაქეებისგან პირადობის ამოღებას იძულებით ცდილობენ.
"ზუსტად რვა დღე დარჩა რუსული ოცნების დამარცხებამდე და საქართველოს უპირობო გამარჯვებამდე. რა მცდელობაც უნდა ჰქონდეს რუსულ ცნებას, დააშინოს და პირადობის მოწმობები წაართვას ამომრჩევლებს, ამას ვერ შეძლებს, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, რომლისთვის მიცემული ხმა არის მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის დასამარცხებლად. ბოლო რვა დღეში, გრძნობს რა წაგებას, ზუგდიდში და სამეგრელოში რუსული ოცნება გაშმაგებით ცდილობს პირადობის მოწმობების ტოტალურად ჩამორთმევას იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი. დღეს მე ვასახელებ ამ ადამიანებს:
სოფელ ოქტომბერში - ზაალ გეგეჭკორი - აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, ადიკო ივანიშვილის ნათლული; პავლე გეგეჭკორი - სოფელ ოქტომბრის რწმუნებული, ასმათ უბილავა - ქართული ოცნების აქტივისტი; დათო ქირია - ასმათ უბილავას მეუღლე, რომლებიც მიუვარდნენ სოფელში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, რომლებმაც მათ პირადობის მოწმობა არ მისცეს. ამის შემდეგ ზაალ გეგეჭკორი ამომრჩევლებს დაემუქრა, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებდნენ.
ასევე ვასახელებ სოფელ რიყის რწმუნებულს გიორგი ჯოჯუას, რომელიც ემუქრება კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს.
მივმართავ ამ ადამიანებს: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც გადავცემთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ეს არის აუდიოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ თქვენ ცდილობთ, პირადობის მოწმობები წაართვათ ამომრჩევლებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამას გარდა, ამ ნაბიჯით თქვენ ვერ შეძლებთ, მიაღწიოთ მიზანს და მოქალაქეებს წაართვათ ხმის მიცემის უფლება. ასევე, მოვუწოდებ შსს-ს, დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინოს ზემოთდასახელებული ადამიანების მხრიდან კანონდარღვევაზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.