"პროსტო" წარმოუდგენელია... - კალაძე მზადაა, მერიის ღონისძიებაზე თავად იმღეროს
დედაქალაქის მერს ჯგუფი "მგზავრების" გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. საუბარია მომღერლების გადაწყვეტილებაზე, არ იმღერონ მერიის მიერ 20 ოქტომბერს დაორგანიზებულ კონცერტზე. კალაძე ამტკიცებს, რომ მომღერლებმა ეს გადაწყვეტილება "ლიბერალური ფაშიზმის" და წნეხის გამო მიიღეს.
კალაძემ დღეს არ გაამხილა, ვინ იმღერებს მათ დაგეგმილ ღონისძებაზე. თქვა, რომ მზადაა, კონცერტზე თავად იმღეროს.
ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს რომ იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკებიან, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკებიან. ფაშიზმია ჩვეულებრივი, ეს ლიბერალიზმი რაც არის, ფაშისტური ქმედებები. „მგზავრების“ მდგომარეობაში, გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ და მესმის. იმ წნეხში, იმ ზეწოლაში, იმ ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. თვითონ განაცხადეს „მიუღებელიაო და ჩვენი გზა ევროპაშიაო“, თითქოს ქვეყანა სხვაგან მიდიოდეს. მეორე მხარეს არის რადიკალიზმი, არის ბოროტება, არის ყველაზე ბინძური ძალა. "პროსტო", წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გვარამიას გვერდით, მელიას გვერდით, ხაზარაძის გვერდით იდგეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 20-ში იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახოთ, რა მაგარი პროექტი გამოვიდა. მე ვიმღერებ, - ამბობს კალაძე.