არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფას აპირებს

18.10.24 14:46
არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფას აპირებს

არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო. 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გაყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ახლად დანიშნული მინისტრი - თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც უწყების გაყოფამდე, თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება და სპორტის მიმართულებას ჩაიბარებს.

„რაც შეეხება კულტურისა და სპორტის მინისტრს, ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი- თინათინ რუხაძე. შალვა გოგოლაძე კი ამ ეტაპისთვის დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გაიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები