ევროინტეგრაციის გაჩერებაზე პასუხისმგებელი "ოცნებაა" - EU-ს გზავნილები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
ემანუელ მაკრონმა ქართველ ხალხს გზავნილი ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა. საფრანგეთის პრეზიდენტი ხალხს ეუბნება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებაზე პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლებაა, ამიტომ არჩევანი ახლა ევროპული მომავლის გადასარჩენად უნდა გააკეთონ.
კიდევ უფრო მეტს ამბობს ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს თქვა, რომ ერთპარტიული სახელმწიფო ევროკაშირის წევრი ვერასდროს გახდება.
ბრიუსელის სახელით ჰაერჩინსკი აფრთხილებს "ოცნებას" და აფრთხილებს ხალხსაც, რა დევს სასწორზე - დაკარგვის ზღვარზეა ვიზალიბერალიზაცია. ევროპელმა დიპლომატმა ღიად თქვა, რომ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში საქართველო ევროკაშირისგან ერთ თეთრსაც ვეღარ მიიღებს ანუ გაჩერდება ყველა ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ევროკავშირი აქამდე საქართველოსთვის გამოყოფდა.
დიპლომატი გაოგნებულია თავდასხმების უწყვეტი სერიით და ევროკაშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით.
ევროკავშირმა "ოცნების" პასუხისმგებლობა ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშიც ასახა. დოკუმენტს, რომელსაც ხელს 27 ქვეყნის ლიდერი აწერს, წერია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პოლტიკა ევროინტეგრაციის მთავარი საფრთხეა, რაც დე-ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. მაგრამ, თუ ქვეყნის სათავეში პროდასავლური უმრავლესობა მოვა, ევროკავშირი მზად არის, ევროინტეგრაციის პროცესი დაუყოვნებლივ აღადგინოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.