საქართველოში არჩევნების უსამართლოდ ჩატარების შემთხვევაში, მაგიდაზე ვიზალიბერალიზაცია და ინდივიდუალური სანქციები დევს - როთი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ინდივიდუალური სანქციები "ქართული ოცნების" წევრებს - ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
მიხაილ როთიმ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღედ შეაფასა და აღნიშნა, რომ ზუსტად 8 დღეში ქართველ ხალხს ევროპის გულსა და იზოლირებულ სამყაროს შორის, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
"თუ პროევროპული უმრავლესობა დაიკავებს პარლამენტს, მაშინ ველოდები, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებს" - თქვა როთიმ.
ამასთან, გერმანელმა პოლიტიკოსმა "პირველებთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოახლოებული არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ ჩატარდება, შესაძლოა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს და კონკრეტულ პირებს ინდივიდუალური საქნციები დააკისროს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 26 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ხალხს აქვს არჩევანი ევროპის გულსა და იზოლირებულ სამყაროს შორის. არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის.
მე მჯერა ქართველი ხალხის, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერათ. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მე ველოდები ძალიან მკაფიო და ნეგატიურ შედეგებს. არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კარგი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ წევრი სახელმწიფოები ამას მოლაპარაკებების მაგიდაზე აუცილებლად განიხილავენ. ინდივიდუალური სანქციებიც არის ერთ-ერთი ვარიანტი.
მმართველი პარტიის ქმედებები არის წითელი დროშა. საქართველოს მთავრობა კი არის პარტია, რომელსაც სულ უფრო მეტად შეჰყავს ქვეყანა იზოლაციაში. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე.
თუ პროევროპული უმრავლესობა დაიკავებს პარლამენტს, მაშინ ველოდები, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იმედი მაქვს საქართველო ამ გზას დაუბრუნდება", - ამბობს მიხეილ როთი.
ასევე წაიკითხეთ: