20 ოქტომბერს უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ევროპაში გვინდა და "ოცნება" ჩვენს ინტერესს არ გამოხატავს - კვაშილავა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ბაკურ კვაშილავა აცხადებს, რომ 20 ოქტომბერს, ევროპული მარშით ქართველმა ხალხმა მთელ ცივილიზებულ სამყაროს უნდა დაანახოს, რომ მათი მიზანი ევროპისკენ სვლაა.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, მარშზე საზოგადოებამ სწორედ იმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესს არ გამოხატავს.
ჩვენთვის 20 ოქტომბრის მარში იმის მაჩვენებელი უნდა გახდეს, რომ მარტის და აპრილის აქციები არავის არ დავიწყებია. მე ველი იმას, რომ ამ აქციების დროს უფრო მეტი ადამიანი გამოვა და ნათლად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ დღევანდელი მთავრობა არ გამოხატავს საქართველოს, მისი ხალხის ინტერესებს და რომ გარდაუვალია საქართველოს სვლა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ და ეს არის ჩვენი არჩევანი. ამის დემონსტრირება უნდა იყოს 20 ოქტომბრის მარში", - ამბობს ბაკურ კვაშილავა.
შეგახსენებთ, ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით - "ჩვენ გვინდა ევროპაში!"