"ვერდიქტი "ქართული ოცნებისთვის" - ნაცვლიშვილი ჰელსინკის კომისიის ანგარიშზე
"ვერდიქტი "ქართული ოცნებისთვის" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ პარტნიორებმა უკვე მკაფიოდ დაინახეს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ მონაწილეა იმ მძიმე პროცესების, რის უკანაც ოკუპანტი ქვეყანა დგას.
ეს არის ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“. პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის იმ საფრთხის ნაწილი, რასაც რუსეთი უქმნის ცივილიზებულ სამყაროს, იმიტომ, რომ ეს ხალხი უკვე არის გაშიფრული და დანახული როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი, რუსეთის ინტერესის გამტარი ძალა დღეს საქართველოში, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ მონაწილეობს ძალიან მძიმე პროცესებში, რის უკანაც დგას რუსეთი, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
"მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის" - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, სადაც საქართველო 49-ჯერ არის მოხსენიებული.
ჰელსინკის კომისია წერს, რომ "[საქართველოს] მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული [ხდება] რუსეთის მიმართ, რასაც მოსახლეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება".