გუშინ სუს-მა დაიწყო სპეცოპერაცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ, დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური დარტყმა დემოკრატიაზე - კუპრაძის ბრიფინგი
სუსმა "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო, - "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ორი წევრის მიერ კოალიციის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყველა არჩევნებზე "ოცნება" და სუსი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის მოსყიდვას და გადაბირებას ახერხებენ, რითაც ქართულ პოლიტიკას და დემოკრატიას აზიანებენ.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ამგვარი კაგებეშნიკური ქმედებების მიუხედავად, "ძლიერი საქართველო" კიდევ უფრო ძლიერდება და მათ რიგებს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მისი თქმით, ამას ხედავს "ქართული ოცნება" და მათ წინააღმდეგ დივერსიებსაც სწორედ ამ მიზეზით აწყობს.
გუშინ სუსმა დაიწყო სპეცოპერაცია "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ. დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური დარტყმა დემოკრატიაზე.
ყველა არჩევნებზე "ოცნება" და სუს-ი ახერხებს გარკვეული ადამიანების მოსყიდვას ან ჩანერგვას და გადაბირებას. ამით ბიძინას ამფსონები, სამწუხაროდ, აზიანებენ ქართულ პოლიტიკას და აბინძურებენ საარჩევნო გარემოს.
ეს უსუსური მცდელობა დააზიანონ დემოკრატიული პროცესი, ჩვენ გვაძლიერებს და კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევს, რათა დავასრულოთ "რუსული ხელისუფლება". ბოლო თვეების განმავლობაში "ძლიერ საქართველოს" ათასობით მხარდამჭერი შემოუერთდა. სუსის ერთეული აგენტები ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ. "ქართული ოცნება, ხედავს ჩვენს რეალურ ძალას და სწორედ ამიტომაც აწყობს ამ უსუსურ დივერსიებს.
"ქართული ოცნების" ქცევა ყველა საზღვარს ცდება - ადამიანების დაშინება, პირადი სივრცეების დარღვევა, ტყუილების გავრცელება ბინძური კაგებეშნიკური სცენარებია, რომელიც მოსკოვში იწერება და კრემლიდანაა ორკესტრირებული
ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს კაგებეშნიკური პრაკტიკა ისევ და ისევ მეორდება შეშინებული ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამიტომ დასრულდება 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი წავა სახლში, მოსკოვში, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულული ინფორმაციით, „ლელოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. დღეს, კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს” დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის წევრმა მერაბ ქურიძემ მიიღო.