"მადლობა" სუსს, სუსტი და ჩანერგილი ადამიანები არ გვჭირდება - დავით გამყრელიძის ბრიფინგი
არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება და სუსი ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საუბარია კოალიციის ლიდერების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და კოალიციიდან ორი წევრის მოულოდნელ წასვლაზე.
ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ მსგავსი სუსტი რგოლების გამოვლინებისთვის სუსის მადლიერია. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც 5 ათას ლარად იყიდებიან და რომელთა დაშინებაც მარტივია, კოალიციის რიგებში არ უნდა იყვნენ.
არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება და სუსი ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ. ალბათ ყველამ იხილა ის ქსენოფობიური განცხადებები და თავდასხმები მამუკა ხაზარაძის მისამართით, იხილა ის ბრალდებები და შეურაცხყოფები, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში ჩვენი კოალიციის ლიდერების მიმართ თითქოს რაიმე კავშირი არსებობდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებებთან ჩვენი კოალიციის ლიდერების მხრიდან და გუშინ და დღეს უკვე ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, პროტესტს აცხადებს და ა.შ.
მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუსს იმისთვის, რომ ის სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც რაღაც 5 ათას ლარად იყიდებიან, რომლებიც დაშინებას ექვემდებარებიან, ამ ადამიანების გამოვლინებაში ასე გვეხმარება. დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადმაიანები კოალიციაში, იმიტომ, რომ ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად და ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ჩვენ ვემზადებით ამს ახელმწიფოს რუსული ჭაობიდან გამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლად. ასეთი სუსტი ადამიანები, ასეთი ჩანერგილი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სუსს, ხელისუფლებას, რომ გვეხმარებიან ამ სუსტი რგოლების გამოვლინებაში. თუ კიდევ არის ვინმე, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ, ათქმევინოთ, ფული გადაუხადოთ, რომ ჩვენ გასუფათებული სიით და შემადგენლობით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულული ინფორმაციით, „ლელოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. დღეს, კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს” დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის წევრმა მერაბ ქურიძემ მიიღო.