ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ ბიზნესმენთან, რომელიც ექსპრემიერის ოჯახს სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
"ორი საათის განმავლობაში, სასიკვდილოდ მცემდნენ" - პირველი ინტერვიუ ბიზნესმენთან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
ბიზნესმენი კახეთიდან, გია ცაძიკიძე, რომელიც დედოფლისწყაროდან 40 კილომეტრში, შირაქის ველზე ათობით ჰექტარ მიწას ფლობს, "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ პრობლემები ბიზნესში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიწებით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი დაინტერესდა.
გია ცაძიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას, ზურაბ გონაშვილს 2023 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში შეხვდა. "კაკაშამ" კაცს, რომელიც დედოფლის წყაროში მიწებს ფლობდა, შირაქის ველზე მდებარე 40 ჰექტარი მიწის გადაფორმება მოსთხოვა. უარის შემდეგ, გია ცაძიკიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა პირდაპირ რეკეტზე გადავიდა.
გია ცაძიკიძის მონაყოლის თანახმად, შეხვედრიდან რამდენიმე თვეში, ბიზნესმენის მოსავალი "კაკაშას" პარტნიორებმა აიღეს. საკუთარ ნაკვეთში, მოსავლის ასაღებად კომბაინებით მისული კი 2023 წლის 15 ივნისს სასტიკად სცემეს.
ბიზნესმენი ასახელებს იმ პირებსაც, ვინც მისი მტკიცებით, ღარიბაშვილის ოჯახის დაკვეთით გაუსწორდა. ესენია - გიორგი გოგიტიძე, რამაზ ივანიძე და ლაზარე ივანიძე. მისივე განცხადებით, თავდამსხმელები იმდენ ხანს ურტყამდნენ, სანამ გონება არ დაკარგა. გია ცაძიკიძის მონათხრობის თანახმად, ნაცემს ფოტოები გადაუღეს, სავარაუდოდ იმის დასადასტურებლად, რომ დავალება შესრულებული იყო ღარიბაშვილის ბიძას გაგზავნეს.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ტერიტორიიდან გასვლა და მეურნეობამდე მისვლა საკუთარი ძალებით შეძლო, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა, თუმცა სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი დედოფლისწყაროს საავადმყოფომ არ მიიღო. ოჯახი იძულებული გახდა, კაცი თბილისში სასწრაფო წესით გადმოეყვანა.
შირაქის ველზე, 2023 წლის 15 ივნისის ღამეს მომხდარ სასტიკ ანგარიშსწორებას ორი მოწმე ჰყავდა - გია ცაძიკიძე გვიყვება, რომ მასზე თავდასხმას ხორბლის ასაღებად მიყვანილი კომბაინის მძღოლები უყურებდნენ. თუმცა ვერც ერთმა მისვლა და დახმარება ვერ გაბედა.
ცაძიკიძე გვიყვება, რომ თავდასხმის შემდეგ, ტარიელ ღარიბაშვილთან და ზურაბ გონაშვილთან საქმის მოგვარება საერთო ნაცნობების მეშვეობით სცადა. თუმცა ამბობს, რომ ტარიელ ღარიბაშვილი და "კაკაშა" მისგან უკვე 40 ჰექტრის ნაცვლად, 500 ჰექტრის დათმობას ითხოვდნენ.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ძმები ივანიძეები და გიორგი გოგოთიძე, ვისაც ბიზნესმენი გია ცაძიკიძე ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის, ზურაბ გონაშვილის, იგივე კაკაშას ბიზნეს პარტნიორები არიან. ისინი წილებს ფლობენ კომპანია ელდარი ჯგუფში ფლობენ.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გია ცაძიკიძე ქვეყნიდან გაიქცა. ახლა დედოფლისწყაროში ხორბლის მეურნეობას მისი ძმა, ხელმძღვანელობს. ალექსი ცაძიკიძე გვიყვება, რომ ღარიბაშვილის ბიძა იტაცებს, რასაც ხელს დაადებს . ცაძიკიძეების მიწები მათ ძალით ვერ გადაიფორმეს, თუმცა წაართვეს ის, ნაკვეთები რომელიც იჯარით ჰქონდა სახელმწიფოსგან აღებული.