ივანიშვილი ისევ იმუქრება, რომ ოპოზიციას კონსტიტუციის დონეზე აკრძალავს
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ისევ იმუქრება - ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტურ, მემკვიდრე პარტიებს" გაასამართლებს და კონსტიტუციის დონეზე აკრძალავს.
ქუთაისში "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიება იმართება
"იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.
საზოგადოების მხრიდან მინიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა და მათი უცხოელი პარტნიორების გეგმებს.
ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის, ომის დანაშაულის გამო კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტურ, მემკვიდრე პარტიებს". - თქვა ივანიშვილმა.
იმავე გამოსვლისას რამდენიმე წუთით ადრე ივანიშვილი ამბობდა, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური დევნის აღარავის ეშინია და "ხალხი თავისუფლად სუნთქავს".
"ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი. ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში". - თქვა ივანიშვილმა.