ერთ კვირაში ბიძინა ივანიშვილის მართვის ბერკეტი აღარ ექნება - დოლიძე

20.10.24 17:26
ერთ კვირაში ბიძინა ივანიშვილის მართვის ბერკეტი აღარ ექნება - დოლიძე

ევროპული მარშისთვის მზადების პროცესში მარჯანიშვილის მოედანზე მისული ანა დოლიძე აცხადებს, რომ ზუსტად ერთ კვირაში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ქვეყნის მართვის ბერკეტები აღარ ექნება.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საზოგადოება თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის და ძალაუფლება კვლავ ქართველი ხალხის ხელში გადაინაცვლებს.

ჩემთვის სულ ერთია ბიძინა ივანიშვილი სად იქნება, მთავარია, მას აღარ ჰქონდეს მართვის ბერკეტები. მას აღარ ექნება მართვის ბერკეტები. თავად "ოცნებასაც" ეტყობა, რომ დაიღალა იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც ვერ უძღვება და იმით, რომ რეალურად, საქართველოს მოსახლეობას აწვალებს. მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს. ეს მოხდება 27 ოქტომბრიდან", - ამბობს ანა დოლიძე. 

თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები