ყველა შემთხვევაში მოვიგებთ, ჩვენს შვილებს ევროკავშირის პასპორტი ჯიბეში ედებათ - ჯაფარიძე

20.10.24 17:42
ყველა შემთხვევაში მოვიგებთ, ჩვენს შვილებს ევროკავშირის პასპორტი ჯიბეში ედებათ - ჯაფარიძე

საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე დაგეგმილი ევროპული მარშის მნიშვნელობაზე ამაღლების ქუჩაზე მყოფი კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დღევანდელი მსვლელობა "რუსებსა და ივანიშვილს" მიემართება, რომლებიც დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მათი დეზინფორმაცია და ტყუილები ქართველი ხალხის უმრავლესობაზე არ მუშაობს.

ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს - "ყოველ შემთხვევაში მოვიგებთ და ჩვენს შვილებს 5-6 წელში ევროკავშირის პასპორტი ჯიბეში ედებათ".

არ ვიცი, დარჩა თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში და რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. 6 დღეში არის კრიტიკული არჩევნები, რომლითაც საქართველოს ბედი გადაწყდება. მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს 26 ოქტომბერს, თუ რას ვიზამთ ჩვენ. მოვიგებთ ყველა შემთხვევაში და 5-6 წელიწადში ჩვენს შვილებს ჯიბეში ედებათ ევროკავშირის პასპორტი, რომელიც გაუხსნის ყველა კარს დედამიწაზე.

დღევანდელი დღე რუსებისთვის და ივანიშვილისთვის საჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ გაცილებით ბევრი, ვისზეც არ მუშაობს ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არ ვჭამთ მაგ ნაგავს და ზუსტად ვიცით, რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები