ივანიშვილი ერთ კვირაში მოსკოვში იქნება - გამყრელიძე

20.10.24 18:01
ივანიშვილი ერთ კვირაში მოსკოვში იქნება - გამყრელიძე

თბილისში მიმდინარე ევროპული მარშის მონაწილე დავით გამყრელიძე "პირველებთან" მსვლელობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი დედაქალაქის ქუჩებში სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ "პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს კი, ხოლო პრორუსულ "ქართულ ოცნებას" არა უთხრას".

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში გაემგზავრება და საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნდება.

ძალიან საზეიმო დღეა, რადგან ჩვენ ყველანი გამოვდივართ, რომ ევროპას ვუთხრათ კი და რუსეთს არა. კიდევ ერთხელ ვეუბნებით პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს კის და პრორუსულ "ქართულ ოცნებას" არას. ეს არის გარკვეულწილად მოსამზადებელი მარში იმისთვის, რომ 26-ში ბიძინა ივანიშვილს რუსეთში გავისტუმროთ და ჩვენ ყველანი დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში", - ამბობს დავით გამყრელიძე.

თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები