არავინ უნდა შეეცადოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას - ბადრი ჯაფარიძე
ქართველი ხალხი კონსოლიდირებულია იმისთვის, რომ დაიცვას მისი ნება 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისში გამართული ევროპული მარშის შემდეგ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ხალხის ნების გაყალბებას, რადგან ამას საზოგადოება წინ აღუდგება.
ქართველი ხალხი არის კონსოლიდირებული ამ ისტორიული მიზნის მიღწევის გზაზე. ქართველი ხალხი არის კონსოლიდირებული იმისთვის, რომ დაიცვას მისი ნება 26 ოქტომბერს და არ დაუთმოს ჩვენი ქვეყანა რუსულ იმპერიალისტებს. არავინ უნდა შეეცადოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას. ამას წინ აღუდგება ქართველი ხალხი და ეს არაჩვეულებრივი, მშვიდობიანი მარში კიდევ ერთხელ არის დემონსტრირება იმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - ინფორმაციას Visioner ავრცელებს. მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" თავისუფლების მოედანზე გუშინ გაიმართა. ათასობით მოქალაქეს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხალხი ქუჩაში იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ირჩევენ ევროპას და უარს ეუბნებიან რუსეთს.