პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვება და გამოყენება - ლონდა თოლორაია წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს
პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვება და გამოყენება - მესამე სექტორი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები ფლობენ, რაც "ოცნებას" ამომრჩველის მართვას უმარტივებს.
თოლორაიას თქმით, პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს.
"კანონის უზენაესობის ცენტრის" დირექტორი საგამოძიებო უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ფლობენ სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა მმართველ პარტიას გაუმარტივდეს ამომრჩეველთა მართვა.
ასევე პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ასეთი ფაქტების შესახებ ჩვენს კოალიციასაც მომართა ათობით მოქალაქემ.
წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევას შეუძლებელია, ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები. გავრცელებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზანი არის არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ამომრჩევლის მოსყიდვისა და ჩამორთმეული პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბება.
პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განცხადებას ამ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ.
მოვუწოდებთ ორივე საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.