"ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს - სარჩელი საკონსტიტუციოში დღეს შევა
სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას "ქართული ოცნების" 81 დეპუტატი ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს დღეს გააგზავნის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე მეორედ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება.
ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს ამჯერადაც ევროპის ქვეყნებში პრემიერის ნებართვის გარეშე გამგზავრებას ედავება. ირაკლი ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით იქნებიან, იმპიჩმენტს უპრობლემოდ განახორციელებს.
კომიტეტმა დღეს განიხილა და დაადასტურა შესაბამის საკონსტიტუციო სარჩელზე 81 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა. არ შეიძლება, რომ საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს. როგორც მოგეხსენებათ, პირველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა და დაადგინა, რომ პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას, უბრალოდ, მისი იმპიჩმენტი ვერ განხორციელდა გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დადგა პრეზიდენტის მხარეს. მეორე, შემდეგი მოწვევის პარლამენტში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება ის შესაბამისი უმრავლესობა, რაც ამ პროცედურის განხორციელების საშუალებას მოგვცემს, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა როგორც მრავალჯერ ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი.
ნაიმპიჩმენტარი ზურაბიშვილი ისევ იმპიჩმენტს ელოდება. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი შევა ისტორიაში როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციას არღვევს სისტემატურად, ქართულ სახელმწიფოს პატივს არ სცემს, კონსტიტუციას ლახავს, ცხოვრობს ილუზიებში, ამავე დროს არღვევს კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ქართულ სახელმწიფოს. ეს არი მიზანი, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს კონსტიტუციის ასე უხეშად დარღვევა, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ამ საკითხზე არსებითი გავლენა ექნება.