Bloomberg: 2017-დან 2020 წლებში რუსეთის სპეცსამსახურებმა მთელი საქართველო დაჰაკეს
2017-დან 2020 წლებში რუსეთის სპეცსამსახურებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკსა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერებში შეაღწიეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსი ჯაშუშები აკვირდებოდნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს ჰაკერული კამპანიის ფარგლებში, რა დროსაც აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის.
Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, საქმე ეხება 2017-დან 2020 წლამდე სხვადასხვა პერიოდს, როდესაც რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკსა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერებში შეაღწიეს.
რუსულ დაზვერვას ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებთან, ნავთობტერმინალებთან, მედია პლატფორმებთან და სამთავრობო უწყებებთან 2017-2020 წლებში ჰქონდა წვდომა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა ჩაატარა ერთთვიანი ფარული ოპერაცია, შეაღწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტებში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან, ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროზე თვალთვალის ოპერაცია ჩაატარა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Turla, რომელზეც ადრე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის ნაწილია FSB-ის განყოფილების სახელად ცენტრი 16. ის მუშაობს რუსეთის ქალაქ რიაზანში. ჯგუფს 2004 წლიდან ათეულობით ქვეყანაში აქვს ჩატარებული დახვეწილი ჰაკერული თავდასხმები.