კობახიძისთვის ევროპის წევრი მინისტრების განცხადებას "ფასი არ აქვს"

21.10.24 15:27
კობახიძისთვის ევროპის წევრი მინისტრების განცხადებას "ფასი არ აქვს"

საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ 13 ევროპელი მინისტრის განცხადებას "ფასი არ აქვს". ირაკლი კობახიძე ისევ ირწმუნება, რომ სტრატეგიული პარტნიორების მიზანი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა იყო. 

ამასთან, კობახიძე უკმაყოფილოა ფაქტით, რომ ევროკავშირმა საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვასთან ევროინტეგრაციის პროცესი განაგრძო. კობახიძის მტკიცებით, მოლდოვაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რეალურად, ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. 

"თვალში ნაცარს გვაყრიან" - ამტკიცებს კობახიძე. 

4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა. ამ ფონზე არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს. თქვენ შეხედეთ, უბრალოდ, მოლდოვის არჩევნები იყო ნახსენები. მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით. სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა განცხადებები მოლდოვასთან დაკავშირებით. მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს არის სირცხვილი, - ამბობს კობახიძე.

13 ევროპელი მინისტრის განცხადებას მამუკა მდინარაძე ირონიით ეხმიანება. "კარგია, რომ 14-მა არ მოაწერა ხელი", - ამბობს მმართველი გუნდის წევრი. 

წყლის ჭიქა ნახევრად სავსეა, ნახევრად ცარიელიას პრინციპია. 14-მა რომ არ მოაწერა ხელი, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია, - ამბობს მდინარაძე. 

საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს -  ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მინისტრები ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. 

მსგავსი სიახლეები