აქციების დარბევა წყალში გარეული ქიმიური ნივთიერებებით - პრემიერს გომელაურთან კითხვები არ აქვს

21.10.24 15:23
აქციების დარბევა წყალში გარეული ქიმიური ნივთიერებებით - პრემიერს გომელაურთან კითხვები არ აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიარების შემდეგ, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს აზავებდნენ, საკითხზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. 

გომალაურის უწყების მსგავსად, მთავრობის მეთაურს "შაბათის ეთერის" მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. 

ირაკლი კობახიძემ აქცენტი ანტირუსული აქციების დარბევის მეთოდებზე გააკეთა. პრემიერი დღეს ამტკიცებდა, რომ აქცია არავის დაურბევია და ის "კანონის შესაბამისად დაშალეს". 

დარბევა არის ტყუილი. მიტინგის დაშლა იყო. იყო უმძიმესი ძალადობრივი აქციები რომელსაც სჭირდებოდა დაშლა და სახელმწიფომ იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით- დაშალა აქციები. გახსოვთ, როცა გახარიამ არ გამოიყენა წყალი და გაზი, მერე როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, მან ყველა სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ ყველას მიეღო მინიმალური ზიანი. თქვენი პარტიების მიერ მოწყობილი აქციები იყო ძალადობრივი და ეს არის თქვენი სირცხვილიც“, - განაცხადა კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები დაადასტურა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, გომელაურის უწყებამ აღიარა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს აზავებდნენ.

ძალოვანი უწყება ჩანაწერების ნამდვილობას არ უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლა მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ქიმიური ნაერთების არევა წყლის ჭავლში კანონიერი იყო. 

„ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ აუდო ჩანაწერები ეთერში შაბათს, 19 ოქტომბერს გავიდა.

ჩანაწერიდან დგინდება ვისი დავალებით სჯიდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. რაციის ჩანაწერებში ისმის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იოსებ ჭელიძის, იგივე "მოზგის" ხმა.

აუდიო მასალის მთავარი ფიგურანტები არიან "ხარება" და მისი მოადგილეეები. ერთ-ერთ ჩანაწერში გარკვევით ისმის სიტყვები - "გაზი გაურიეთ". 

 

მსგავსი სიახლეები