წარმავალი ხელისუფლება როცა ვინმეს იმპიჩმენტზე საუბრობს, ცოტა არ იყოს სასაცილოა - მეზვრიშვილი
“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი, “ქართული ოცნების“ მხრიდან, სასაცილოდ გამოიყურება.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი დამარცხებულია და ამას რეალურად იაზრებენ, ამიტომ პანიკურ მდგომარეობაში არიან.
ის მმართველ გუნდს ურჩევს, „ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებისთვის მოემზადნენ.“
ამ საკითხე ცოტა მეცინება, რადგან წარმავალი ხელისუფლება, რომელსაც 5 დღე დარჩა, როცა ვინმეს იმპიჩმენტზე საუბრობს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. მე არ მგონია, რომ ამას საზოგადოება სერიოზულად აღიქვამს, მითუმეტეს, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ერთ დღეს გაჟღერებულ დაპირებებს, მეორე დღეს ივიწყებს. დამარცხებულები არიან, ამას რეალურად იაზრებენ და ამისგან რაღაც პანიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომ სასაცილოა, კიდევ ერთხელ ვამბობ და მათ ურჩევნიათ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებისთვის მოემზადონ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას "ქართული ოცნების" 81 დეპუტატი ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს დღეს გააგზავნის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე მეორედ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება.
ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს ამჯერადაც ევროპის ქვეყნებში პრემიერის ნებართვის გარეშე გამგზავრებას ედავება.