"ევროპარლამენტარები მოლდოვის გვერდით დგანან! ჩვენ გვჯერა მისი ევროპული მომავლის" - აუსტრევიჩუსი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გამართულ საკონსტიტუციო რეფერენდუმს ეხმაურება.
პეტრას აუსტრევიჩუსი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ეროპარლამენტარები მოლდოვას გვერდით დგანან.
ევროპარლამენტარები მოლდოვას გვერდით დგანან! ჩვენ გვჯერა მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული მომავლის, რომელიც გადაწყვეტილია ბოლო რეფერენდუმზე!" - წერს ევროპარლამენტარი და ფოტოს აქვეყნებს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25.98% აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.