„კომპლექსები“ და დაბლოკილი დიდი ფული - რატომ არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს ივანიშვილი?
რატომ არ ხვდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ბიძინა ივანიშვილი? - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მიზეზი მისი "კომპლექსებია".
„კომპლექსი“ სამთავრობა არხთან "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ შემდეგნაირად განმარტა: „მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ ვხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა“.
ივანიშვილმა ამ კონტექსტში "იმედთან" ინტერვიუში საკუთარი ფული არაერთხელ ახსენა.
- შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse - ის საქმეზე, ბერმუდასა და სინგაპურში დავა აქვს.
- ივანიშვილმა 2023 წელს სინგაპურის სასამართლოში 742.7 მილიონის კომპენსაციის მიღების უფლება მოიპოვა, ხოლო ბერმუდის სამართლომ 607.3 მილიონი დოლარი მიეკუთვნა. ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა, შესაბამისად, თანხა ივანიშვილისთვის მხოლოდ საბოლოო განაჩენის დადგომის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.
ივანიშვილის თქმით, ელჩთან შეხვედრას აზრი არ ექნებოდა. თქვა, რომ "ამას აკეთებს "დაბლოკილი ფულის გამო და არა ქვეყნისთვის".
შეხვედრებზე წინააღმდეგი კი არ ვიყავი! მაგას როგორ ვიკადრებ? ელემენტარული უზრდელობაა. მე განვუმარტავდი: ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს ევროპისთვის, ამერიკისთვის და საქართველოსთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ ამას ვაკეთებ იმ ფულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი. მხოლოდ ამ მიზეზით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს [უარს შეხვედრაზე]. ვწერდი, ეს ნაწერები მაქვს. მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ, ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო. ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა, კომპლექსის გამო. მე სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. კარგად განვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი [აშშ-ის ელჩს], არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, ამაყი ვარ", - ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილმა ილაპარაკა რობინ დანიგანის სიტყვებზე, რომ ივანიშვილმა თავისი კერძო ფინანსური ინტერესები საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა.
ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ "პირიქითაა". "ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ" - ამბობს ივანიშვილი.
სამთავრობო მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, "თანხის გაყინვა იყო ზეწოლა?" - ივანიშვილის პასუხი ასეთია: "სხვა როგორ გავიგოთ?".
ივანიშვილის თანახმად, აშშ-ს ელჩს მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა, რაც სინგაპურში სასამართლო მოიგო - ივანიშვილი არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს.