მივესალმებით მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს - ბორელი

22.10.24 00:01
მივესალმებით მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოლდოვაში გამართულ არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით პლატფორმა "X"-ზე წერს.

ბორელი მიესალმება საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა გამოხატა სურვილი, რომ საკუთარი მომავალი ევროკავშირთან დააკავშიროს. 

რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენ მოლდოვის ხელისუფლებას არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის წარმატებით ორგანიზებას ვულოცავთ. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ“, - წერს ბორელი.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25.98% აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.