ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - მაია სანდუ
მოლდოვამ არჩევანი გააკეთა - მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმში მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას დაუჭირა და ეს ჩანაწერი კონსტიტუციაშიც აისახება. რუსეთის ჰიბრიდული ომის და უპრეცედენტო ჩარევების მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია. რეფერენდუმის პარალელურად ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებიც მიმდიარეობდა. მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საბოლოო მონაცემებით ყველაზე მეტი 42, 45% პროცენტი მიიღო, თუმცა ნოემბრის დასაწყისში მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - ამბობს მაია სანდუ.
ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ხელისუფლებას აქვს 150 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულება. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე და ჩვენი ხალხის თავისუფლებაზე. ჩვენი ქვეყნის მტრებს სურთ იხილონ მოლდოვა დანაწევრებული და დაშინებული, რათა ეჭვი შეგვეპაროს ჩვენს ძალასა და ერთიანობაში. ბანდიტებს, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, სურდათ დემოკრატია სისუსტედ გამოეყენებინათ. ვიცით, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ახლა ჩვენი დემოკრატიის დაცვის ერთადერთი გზა ხმის მიცემაა", - განაცხადა მაია სანდუმ.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25.98% აქვს. 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.