ანა დოლიძე: დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია ,,ხალხისთვის“
დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია ,,ხალხისთვის“ წევრს - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
დოლიძე სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია "ხალხისთვის" წევრი, დავით ფერაძე დააკავეს.
პარტიის ლიდერის თქმით, ,,ხალხისთვის“ წყვეტს ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დადგინდება სიმართლე.
ამასთან ანა დოლიძის განცხადებით, ,,ძლიერი საქართველო’’ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნეა, რადგან ხელისუფლებას სწორედ ამ გაერთიანების ეშინია ყველაზე მეტად.
,,ქართული ოცნება“ დიდი ხანია საფრთხეს ხედავს ,,ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია რომ სწორედ ,,ძლიერი საქართველოა’’ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.
ამ ფონზე მნიშვნელოვნად ვთვლით გავაკეთოთ განმარტება, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია ,,ხალხისთვის“ წევრს. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ მცდელობები მსგავსი სცენარების განხორციელების.
პარტია ,,ხალხისთვის” დიდი ხანია გამოდის ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას.
შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია ,,ხალხისთვის“ ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დადგინდება სიმართლე.
პარტია ,,ხალხისთვის“ აგრძელებს კოალიციის მიზნების მხარდაჭერას და ემზადება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის"- წერს დოლიძე.
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილს თავს თბილისში, ორი დღის წინ დაესხნენ.