ცესკოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლეს
სასამართლომ ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაიწყო. გიორგი კალანდარიშვილი რეგლამენტის დარღვევაშია ბრალდებული. სარჩელის ავტორი კომისიის ოპოზიციონერი წევრი, გიორგი სიორიძეა.
საქმე ოპოზიციონერის ინიციატივებს, მათ შორის, სტრასბურგში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნის გახსნას ეხება, როდესაც კალანდარიშვილმა საკითხის განხილვა დაბლოკა. ამ წუთებში გიორგი სიორიძე მოსამართლეს ყველა ამ ფაქტის შესახებ უყვება.
ბოლო პერიოდში მე რამდენჯერმე დავაყენე საკითხები, რომლებიც აწუხებს ჩვენს ამომრჩეველს, აწუხებს საზოგადოებას. ერთი, ეს შეეხებოდა სტრასბურგში ჩვენი ემიგრანტებისთვის დამატებით საარჩევნო უბნის გახსნას, მეორე საკითხი შეეხებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ანაზღაურების გათანაბრებას, თუმცა, სამწუხაროდ, ცესკოს თავმჯდომარემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და კენჭისყრაზეც კი არ დააყენა ეს საკითხი, რითაც მან დაარღვია რეგლამენტი, დააწესა ცენზურა და გამომდინარე იქიდან, რომ ახლა, 3 დღეში გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მომდევნო პერიოდი არის ცესკოს ინტენსიური მუშაობის პერიოდი, შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ დაყენებული ძალიან მავნე და უკანონო პრაქტიკის გამო, არსებობს ძალიან მაღალი რისკი, რომ სხვა საკითხებიც შეიძლება მან ერთპიროვნულად კენჭისყრაზეც კი არ დააყენოს, - ამბობს სიორიძე.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.