3 დღის წინ, კალაძის მიერ გახსნილი 40 მილიონიანი სკვერი დაიტბორა (ვიდეო)
3 დღის წინ, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გახსნილი 40 მილიონიანი სკვერის ნაწილი დაიტბორა. ადგილობრივების ცნობით, მიზეზი არასწორად ატარებული სამუშოებია.
დატბორილი სკვერის შესახებ ვიდეო თავდაპირველად "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მიწის და ტალახის მასა სკვერში მოედინება.
ფაქტს დედაქალაქის მერია გამოეხმაურა, უწყების განმარტებით, პარკში ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება," - წერია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.
13:00 განახლება:
თბილისის მერი, კახა კალაძე დაზიანებული წყლის მილის შედეგად, ზღვისუბნის პარკში, საფეხმავლო ბილიკზე მიწის ჩატანის ფაქტს გამოეხმაურა.
გუშინ ერთ-ერთ ფერდზე წყლის მილი დაზიანდა, რამაც პატარა ფერდის ჩამორეცხვა გამოიწვია, მიწა ჩამოიტანა და უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი სკვერი, თითქოს, რა მდგომარეობაშია. არადა, არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, პატარა პრობლემა გამოიწვია, რაც შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება და წინსვლა.
თუმცა, 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, როცა მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდეს განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება [...] მინდა, ყველას, ვისაც თბილისის წინსვლა არ უხარია, ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით". - თქვა კალაძემ.