"ოცნებამ" პუტინის საარჩევნო კლიპი გადმოაკოპირა

23.10.24 13:38
"ოცნებამ" პუტინის საარჩევნო კლიპი გადმოაკოპირა

"ოცნებამ" ახალი საარჩევნო ვიდეორგოლი გამოქვეყნა, რომელიც პუტინის 2018 წლის საარჩევნო კლიპის სრული ანალოგია. სცენარი ზუსტად იგივეა, შეცვლილია მხოლოდ პერსონაჟები. ორივე კლიპში ცოლ-ქმრის დიალოგია. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, სცენარის მიხედვით, კაცს "წინა ხელისუფლება" ესიზმრება, რუსულ საარჩევნო კლიპში კი - "ლგბტ პროპაგანდა".

 

ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ კომუნიკაციების სპეციალისტები რწმუნდებიან, რომ ეს კრემლის მეთოდებით აწყობილი კლიპია. მათი თქმით, "ოცნება" ფიქრობს, რომ იმან, რამაც 2018 წელს პუტინის შემთხვევაში გაამართლა, საქართველოშიც გაამართლებს. 

თინა სტამბოლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული მასების მანიპულაციაზეა გათვლილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ქართულ რეალობაში კონტრპროდუქტიული იქნება. 

ჩაკეტილი საზოგადოება აღარ არის, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო, ასე რომ, „ქოფი ფეისთით“ ამ ტაქტიკის გადმოღება, რაც მაშინ ხორციელდებოდა და ახლაც აკეთებს რუსეთი, რა თქმა უნდა, არის კონტრპროდუქტიული. უბრალოდ, ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მთელი ეს ტაქტიკა ეყრდნობა კრემლის ე.წ. „ფლეიბოქსს“ ანუ სახელმძღვანელოს, თუ როგორ შეიძლება, მოახდინო მანიპულაცია მასების არ არსებული ინფორმაციით, დეზინფორმაციით. ტრაგიკული არის ის, რომ მმართველი პარტია, რომელიც, პრინციპში, ახლა უნდა იყოს პირიქით, წინა რიგებში ჩვენი ევროინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აღმოჩნდა, რომ ცდილობს, წარმოაჩინოს დასავლეთი როგორც მთავარი მტერი და ამას აკეთებს რუსული ტაქტიკით. ეს რგოლიც არის თავიდან ბოლომდე იმ თარგზე მოჭრილი, როგორც რუსმა პროპაგანდისტებმა, მემგონი, 2018 წლის რგოლია, მაშინ არჩევნებში გამოიყენეს, გადმოიტანეს, რომ ეს ამ კონტექსტშიც იმუშავებს, - ამბობს სტამბოლიშვილი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არა მხოლოდ კრემლის კლიპს აკოპირებს, არამედ სრულად მოსკოვიდან იმართება.

 გარდა იმისა, რომ საბჭოთა პროპაგანდის ანალოგიური კამპანია ჩაატარეს ამ ბანერების სახით, ასევე პირდაპირ პუტინის პარტიის ვიდეოები აქვთ პლაგიატის გზით გადმოქართულებული. ეს აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ ემსახურება რუსეთს, არამედ მათ შორის, მათი პროპაგანდა, მათი გზავნილები, მათი პირად-კამპანია არის პირდაპირ მართული რუსეთიდან, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.