ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმე - მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია

23.10.24 16:00
 ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმე - მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, 26 წლის ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირს, გიორგი ბუბუტეიშვილს, დავით მაჭარაშვილსა და ჯემალ ფირანიშვილისაც შეუფარდა. სამივე მათგანი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 26 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. 

პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს

იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს - დავით მაჭარაშვილს, ჯემალ ფირანიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.