"მცირე კალიბრის ჩინოვნიკების ქრთამით და კორუფციით ნაშოვნი ქონება" - ელისაშვილი ამჯერად მცხეთაში ჩავიდა

23.10.24 16:54
"მცირე კალიბრის ჩინოვნიკების ქრთამით და კორუფციით ნაშოვნი ქონება" - ელისაშვილი ამჯერად მცხეთაში ჩავიდა

"მექრთამე ჩინოვნიკების ქონების ტური"  - ასე დაარქვია კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კამპანიას, რომელსაც ოპოზიციონერი დილიდან ატარებს. 

ელისაშვილი ამჯერად,  მცხეთაში, თეატრონის დასახლებაში იმყოფება, სადაც ალეკო ელისაშვილის განმარტებით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის ფეშენებელური სახლი დგას. 

"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თეიმურაზ კუპატაძეს საპროტესტო აქციების დაშლა დაუფასა და მას "ხალხის ფულში ხელის ფათურის უფლება მისცა".

ამასთან, იქამდე, სანამ ალეკო ელისაშვილი თეატრონის დასახლებაში ჩავიდოდა, გზად მტკვრის ხეობაში შეიარა, სადაც "ხალხის ძალის" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის დიდძალი უძრავი ქონებაა აღმართული.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც, თავდაპირველად, ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი იყო, ირაკლი კობახიძემ 1 050 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ ლარად გადასცა. 

განგვაგრძობთ ტურს მექრთამე ჩინოვნიკების ქონების კვალდაკვალ. ვიყავით საბურთალოზე, გაჩვენეთ მარნეულის ყოფილი მერის გოიმური და მდიდრული სახლში. ამის შემდეგ წამოვედით მცხეთაში. დღეს გაჩვენებთ არა ბობოლა ჩინოვნიკების ქონებას, არამედ მცირე კალიბრის მქონე ჩინოვნიკების მიერ ქრთამით და კორუფციით ნაშოვნ ქონებას. 

გზად ვიყავით მტკვრის ხეობაში. სამხედრო დასახლება ჰქვია მტკვრის აყოლებაზე, სადაც დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც "ხალხის ძალაშია", "ოცნების" დეპუტატი იყო, მცხეთის მაჟორიტარია და ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი იყო და მას შემდეგ აღმოაჩნდა პოლიტიკური უნარები და როგორც ჩანს, ფულის მოპარვის უნარებიც და თავის პირად ექიმს ივანიშვილმა ასეთი საჩუქარი გაუკეთა. 

მტკვრის ხეობაში არის მიწის ნაკვეთი - 1 050 კვ.მ. მისი საბაზრო ღირებულება არის მინიმუმ 100 ათასი ლარი და ეს ქონება ირაკლი კობახიძემ ზამთარში, იანვარში, ერთ ლარად გადასცა დიმიტრი ხუნდაძეს. ის საკმაოდ მდიდარი კაცია, უამრავი ქონება აქვს მცხეთაში ისედაც, მაგრამ როგორც ჩანს, მტკვრის დუდუნის მოსმენა უყვარს და ზედ მტკვრის პირას 1 050 კვ.მ. ერთ ლარად გადასცა.

ახლა ვართ მცხეთაში, თეატრონის დასახლებაში და არის მდიდრული დასახლება. ერთ-ერთი სახლი, თავისი აუზით და ყველანაირი კომფორტით ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს, რომელმაც ეს სახლი 100 ათას დოლარად, ყოველ შემთხვევაში ასე აქვს დეკლარაციაში მითითებული, იყიდა რამდენიმე წლის წინ. ამას გარდა, სულ ცოტახნის წინ იყიდა მიწის ნაკვეთი, კვადროციკლები, მანქანები. ერთი მანქანა 60 ათას დოლარამდე ჯდებოდა. სულ სხვადასხვა ხალხის სახელზე აქვს გადაფორმებული, მაგრამ კუპატაძეს ეკუთვნის. როგორც ჩანს ივანიშვილმა აქციების დარბევა, რუსული საქმის კეთება დაუფასა და მისცა საშუალება, რომ ხალხის ფულში ხელი ეფათურებინა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.