"ილიას გზა" და 3 პრიორიტეტი - კოალიცია "ძლიერი საქართველო" მედიასთან შეხვედრას მართავს
ამ წუთებში "ძლიერი საქართველო" ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს - კოალიციის ლიდერები მედიის წარმომადგენლების კონკრეტულ კითხვებს ისმენენ და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ პასუხებს სცემენ.
მედიასთან შეხვედრა მამუკა ხაზარაძემ გახსნა, რომელმაც, თავდაპირველად, მოახლოებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ზუსტად 3 დღეში ქართველ ხალხს მოუწევს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ქვეყნის მომავლის, დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად.
სულ რაღაც 2 დღეში, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ევროპულ პერსპექტივას და ხმა უმეტესობამ უნდა მისცეს ჩვენს მომავალს, დემოკრატიას, თავისუფლებას და არა იმ შეუსრულებელ დაპირებებს, რომელიც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მე ვფიქრობ, რომ 2 დღეში ჩვენ დავიწყებთ ახალი და ძლიერი საქართველოს მშენებლობას. ქართული პოლიტიკის და ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, რომ შექმნილიყო იმ ადამიანებისთვის ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც არ იქნებოდა არცერთი ბოლო 20 წლის განმავლობაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე. ჩვენ ეს დაკვეთა შევასრულეთ და ჩამოვაყალიბეთ კოალიცია "ძლიერი საქართველო". ამ კოალიციას შემოუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და უამრავი ახალგაზრდა სხვადასხვა წრიდან", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა კოალიციის სამოქმედო გეგმა და "ილიას გზაში" გაწერილი პუნქტებიც მიმოიხილა.
კერძოდ, მამუკა ხაზარაძემ ის უმნიშვნელოვანესი სამი პრიორიტეტი - რუსული კანონის გაუქმება და 9 დათქმის შესრულება, პენსიების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა გამოყო, რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებს.
ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ სერიოზული პროგრამა. ამ პროგრამას ჰქვია "ილიას გზა", რომელიც არის მოცულობითი, საინტერესო. მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს. ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, საერთაშორისო ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ ამ პროგრამაში გამოვყავით სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი.
პირველი, რუსული კანონის სასწრაფოდ გაუქმება და 9 პუნქტის შესრულება, რომელიც ჩვენ დაგვაწყებინებს ძალიან სწრაფ ინტეგრირებას ევროკავშირში.
მეორე საკითხია 1 000-ლარიანი პენსია. 850 ათას ადამიანს ეხება ეს ყველაფერი, მათ მომავალს, ჯანმრთელობას და ყოველდღიურ ცხოვრებას.
მესამე, ორასი ათასი სამუშაო ადგილი და ანაკლიის პორტის სასწრაფოდ დამთავრება", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.