ჯაფარიძე "ოცნების" მხრიდან კოალიციის წევრების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს

23.10.24 21:55
ჯაფარიძე "ოცნების" მხრიდან კოალიციის წევრების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" მხრიდან კოალიციის წევრების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს. 

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, აჭარაში ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები "ძლიერი საქართველოს" წევრებს კონკრეტული გარიგებებისთვის უზარმაზარ თანხებს სთავაზობენ.

რაც დღეს ვნახეთ არის "ქართული ოცნების" მიერ რესურსების მობილიზების შედეგად ჩამოყვანილი ადამიანები. უამრავი შავი ფული, რომელიც "ოცნებას" აქვს, არა მხოლოდ ასეთი ტიპის ღონისძიებისთვის იხარჯება, არამედ რეგიონებში ხდება ზეწოლა. მიზნობრივად ხდება აჭარაში "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებთან მისვლა და უზარმაზარი თანხების შეთავაზება.

"ქართული ოცნება" მაქსიმალურად დამამცირებელი, ადამიანების შეურაცხმყოფელი, ადამიანების გაშავების კამპანიას აწარმოებენ. ვნახეთ, რა ბანერები გამოფინეს. ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა, რომელიც ვერანაირ ზიანს ვერ მოგვაყენებს. ასეთი ტიპის კამპანია უფრო აგვავსებს რწმენით, რომ ეს ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას. აღვირახსნილი კამპანიის ღირსი ჩვენი ხალხი არ არის", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პარტიის ლიდერებმა რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ ადამიანებს სიტყვით მიმართეს.