"ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ და ვიზუალი აგენტურის ჰქონდათ" - პირველი ინტერვიუ ლევან გოგიჩაიშვილთან
პირველი ინტერვიუ ლევან გოგიჩაიშვილთან, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროსადგურში თავს დაესხნენ. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი "ტვ პირველის" ეთერში მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, ალკოჰოლის თრობის ქვეშ მყოფმა პირებმა განახორციელეს.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, თავდაპირველად, თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთმა ინდივიდმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ლევან გოგიჩაიშვილის მხრიდან პასუხის დაბრუნების შემდეგ კი ვაგონში ჩხუბი დაიწყო.
"სავარაუდოდ, ეს არის აგენტურა. აგენტურის ვიზუალი ჰქონდათ" - აღნიშნავს ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი და ამასთან, თბილისის მეტროპოლიტენს ფაქტის ამსახველი კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყვნენ. ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ. ცუდად გამოიყურებოდნენ. იყვნენ ძალიან გამომწვევები. ერთ-ერთმა შეურაცხყოფა მომაყენა, მეც დავუბრუნე პასუხი და დაიწყო ჩხუბი, სერიოზული ჩხუბი ვაგონში. ბევრნი იყვნენ, რაც შემეძლო პასუხი გავეცი.
ეს კადრები აქვს, სავარაუდოდ, მეტროპოლიტენს და ვითხოვ, რომ ეს კადრები გასაჯაროვდეს. უნდა დაინახოს მთელმა ქვეყანამ მშიშარა ხროვის სახე. გამორიცხულია, რომ მათ რაიმე ვაპატიო. სავარაუდოდ, ეს არის აგენტურა. აგენტურის ვიზუალი ჰქონდათ. ყველა, ვინც ამ ადამიანების გუნდს ხელმძღვანელობს, მოუწევთ პასუხისმგებლობა", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ.