ევროპა აწმყოა, რომელსაც 26-ში რწმენით, ერთიანობით და ხმების დაცვით შევქმნით - ხოშტარია
"ევროპა არა მომავალი, არამედ აწმყოა, რომელსაც 26-ში რწმენით, ერთიანობით და ხმების დაცვით შევქმნით" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სამეგრელოში გააკეთა.
მოქალაქეების წინაშე სიტყვის გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილია სწორედ ის ადამიანი, რომელმაც პროევროპულად განწყობილ პარტიებს "გამაერთიანებელი ქარტია" შესთავაზა.
გამარჯვებას და ევროპულ წიაღს გვაშორებს ერთადერთი რამ, საარჩევნო ბიულეტენი, მისვლა არჩევნებზე და მყარი პროევროპული არჩევანის გაკეთება საარჩევნო უბნებზე. ევროპა არის ისტორია, რომელსაც ვკითხულობთ, არა მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ, არამედ აწმყო, რომელსაც 26-ში შევქმნით რწმენით, ერთიანობით და ხმების დაცვით
მინდა გამოვყო საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი. მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მან შემოგვთავაზა გამაერთიანებელი ქარტია, რომელიც არის არა უბრალოდ განაცხადი ევროპის სურვილის შესახებ, არამედ ეს არის კონკრეტული, ნათელი გზა, თუ როგორ მშვიდობიანად და იმედიანად შეიცვალოს ხელისუფლებას", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია "ცვლილებებისთვის" სამეგრელოში შეხვედრას მართავს.