პატარაია: "გახარია საქართველოსთვის" და "ძლიერი საქართველო" ის ძალები არიან, რომელთაც საარჩევნო პროგრამაში ქალების პრობლემებზე დეტალურად უწერიათ
ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია "ტვ პირველის" ეთერში ქალების პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" ის ორი პოლიტიკური ძალაა, რომელთაც საარჩევნო პროგრამაში ვრცლად და დეტალურად უწერიათ ყველა ის ბარიერი და მისი გადაჭრის გზა, რომლის წინაშეც ქალები დგანან.
როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, შესწავლილი კვლევებით დადგინდა, რომ "ქართულ ოცნებას" ქალებზე მორგებული საარჩევნო პროგრამა არ გააჩნია. მეტიც, ბაია პატარაიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდი სწორედ ის პარტიაა, რომელსაც სიებში ქალების მხოლოდ 16% ჰყავს შეყვანილი.
არსებობს რიგი საკითხები, რომელიც მხოლოდ ქალებს ადარდებთ და ქალები წერენ, რომ ეს მათთვის პრობლემაა. ასეთი საკითხებია, მაგალითად, ეკოლოგიასთან დაკავშირებული, ნიადაგის, ჰაერის, წყლის სისუფთავე და სურსათის უვნებლობა. ეს საკითხები კაცებთან არ ჩანს, კვლევებზე დაყრდნობით ვამბობ. კრიმინალთან დაკავშირებულ პრობლემებთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით პრობლემებს ქალები ასახელებენ და არა კაცები. ქალები განსაკუთრებულად დაინტერესებულები არიან განათლების და ჯანდაცვის საკითხებითაც.
ასევე არის ამბები, რომლებიც პირდაპირ ქალებს ეხებათ. მაგალითად, ქალი იქნება თუ არა პარლამენტში, კვოტები აღდგება, თუ დარჩება გაუქმებულად, პირდაპირ ეხებათ ქალებს. დეკრეტული შვებულება პირდაპირ ეხებათ ქალებს. ქალი ეკონომიკურად რომ გაძლიერდება, ეს ეტყობა ოჯახს. სხვათა შორის, უფრო მეტად ეტყობა ქალის ეკონომიკური გაძლიერება ოჯახს, ვიდრე კაცის. ესეც არის კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
მე შევისწავლე და დაინტერესებული ვიყავი იმ ხუთი პარტიით, რომელიც სხვადასხვა კვლევებით ნამდვილად ლახავს ბარიერს. ერთი არის "ქართული ოცნება" და აქეთ ოთხი ოპოზიციური კოალიცია და ცენტრი. სასაცილოა, მაგრამ "ოცნებას" პროგრამა არ აქვს. ერთია, რომ არ იძებნება, მაგრამ ჩვენ დავურეკეთ, მივწერეთ და ვუთხარით, რომ ანალიზისთვის გვჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს აღარ ასუნებინებდნენ ჩვენ ზარებს. "ოცნებას" ყველაზე ცოტა ქალი, 16% ქალი ჰყავს სიებში. "გირჩზე" უარესი შედეგი აქვს.
ოთხივე ოპოზიციური პარტიის პროგრამა წავიკითხე და ორს აქვს ისეთი პროგრამა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ქალებს ცალკე თავადაც გამოყოფს, მათ პრობლემებზე საუბრობს და კონკრეტულ ხედვებს გვაჩვენებს.
ეს არის "გახარია საქართველოსთვის", რომელსაც აქვს ყველაზე ვრცელი საარჩევნო პროგრამა, ყველაზე დეტალური და ძალიან ბევრი საკითხი უწერიათ, რომელიც ეხებათ ქალებს. და შემდეგ არის "ძლიერი საქართველო", რომელიც ცალკე გამოყოფს ქალების პრობლემებს, მათ შორის, ეკოლოგიასთან დაკავშირებით", - ამბობს ბაია პატარაია.