"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - Politico ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს

24.10.24 10:17
"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - Politico ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს

"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico ბიძინა ივანიშვილზე.

როგორც გამოცემა წერს, 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს, ამიტომ ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, რათა რუსეთი დააკმაყოფილოს. 

"საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე თავის ქვეყანას რუსეთისკენ ხრის". - წერია სტატიაში. 

Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა - ყველაფერი კი ელექტრონიკის გაყიდვითა და საკუთარი ბანკის, რუსული კრედიტის შექმნით დაიწყო, რომლის შტაბ ბინაც მოსკოვში იყო.

"მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ ხელში", - წერს გამოცემა.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია Politico-სთან საუბარში ამბობს, რომ "მინისტრებს, მათ შორის პრემიერს, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რადგან გადაწყვეტილებები ივანიშვილმა უნდა დაამტკიცოს".

Politico-სთან საუბარში გახარია ოლიგარქზე ამბობს: "ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელია, არც პრორუსია და არც პროჩინელი. სამწუხაროდ ის არც პროქართველია. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს".

გამოცემა ასევე ოლიგარქის ბოლოდროინდელ სხვადასხვა გამოსვლებსაც იხსენებს, მათ შორის წერს ივანიშვილის პირობაზე აკრძალოს ოპოზიცია - სტატიაში აქცენტი "გლობალური ომის პარტიაზე", "მეორე ფრონტის გახსნაზე", დასავლეთის კრიტიკაზე, ჰომოფობიური და რუსული კანონების მიღებაზეც არის გაკეთებული.

"საქართველოს უმდიდრესი ადამიანისთვის, ევროკავშირში ან NATO-ში შესვლაზე უარის თქმა არ იქნება უკანდახევა. თუმცა, რიგითი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ოცნებობენ კეთილდღეობასა და პირად თავისუფლებაზე, სიტუაცია განსხვავებულია. მართლაც, მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი თავის შემოსავალს ივანიშვილის მფარველობის სისტემას უნდა უმადლოდეს, ბევრი სხვა ეყრდნობა დახმარებას ამერიკიდან და ევროპიდან. ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში მის გადაწყვეტილებებზე პასუხს რიგითი ქართველები აგებენ", - წერს Politico.

"პოლიტიკო" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე  და სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებაზე, ცრემლსადენ გზაზზე, ხელკეტებზე და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზეც წერს.

სტატიაში ასევე მოხვდა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ სამთავრობო მედიასთან.

მან ასევე აწარმოა კამპანია დასავლეთის მიერ ლგბტქ+ „პროპაგანდის“ წინააღმდეგ. ბოლო დროს პრო-სამთავრობო ტელეარხთან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთში „მამაკაცების სააბაზანოები აღჭურვილია ჰიგიენური ბალიშებით და მამაკაცის რძე ქალის რძეს უტოლდება“. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს საჯარო ცნობებს ერთსქესიანთა ურთიერთობებზე და აკრძალავს პრაიდის ღონისძიებებს", - წერია სტატიაში. 

სტატიის ბოლოს ნათქვამია: "ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საქაქრთველოსმომავალი საბოლოოდ რიგითი ქართველების გადასაწყვეტია".