გურიაში ზონდერი ძმები გეგეშიძეების და გუგა ცინცაძის მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას - ნიკოლაიშვილი

24.10.24 12:10
გურიაში ზონდერი ძმები გეგეშიძეების და გუგა ცინცაძის მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას - ნიკოლაიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა ოზურგეთში ბრიფინგი გამართა და ის პირები დაასახელა, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ.

კერძოდ, ნიკოლაიშვილის თქმით, მოქალაქეებზე ზეწოლას ძმები გეგეშიძეები და გურიაში მათი წარმომადგენელი, გუგა ცინცაძე ახორციელებენ, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ვანო ჩხარტიშვილის მიერ არიან მობილიზებული.

ამასთან, თათია ნიკოლაიშვილის ცნობით, 23 ოქტომბრის საღამოს სწორედ აღნიშნულმა პირებმა კოალიციის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს და გუგა ცინცაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

გურიაში ზონდერი მოჭიდავეების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას ამომრჩევლებზე და ამ ყველაფერს ძმები გეგეშიძეები და გურიაში მათი წარმომადგენელი გუგა ცინცაძე ახორციელებენ. გუშინ საღამოს მათ ჩამოხიეს ჩვენი კოალიციის საარჩევნო პლაკატები. ჩვენ განვახორციელეთ ზარი 112-ში 00:55 საათზე, ხოლო ზუსტად 4 წუთში ადგილზე მივიდა გუგა ცინცაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა. 

ესენი არიან პირადად ვანო ჩხარტიშვილის მიერ მობილიზებული ზონდერები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი: დააშინონ ხალხი, რათა მათ არჩევნებზე ხმა ვერ დააფიქსირონ. უკვე შეუძლებელი ხდება გადაადგილება ქუჩაში, ჩვენ ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვედით პოლიციის შენობიდან, სადაც ასევე ზონდერები ჰყავდათ მობილიზებული, რუსული ნომრებით. როცა ჩვენ გადავადგილდებოდით, ბარიგობაში მხილებული ზონდერები მოვიდნენ რუსულნომრიანი მანქანით და ასევე, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. 

ვიმეორებ, რომ მათი მიზანია ამომრჩევლების დაშინება, მაგრამ მინდა მივმართო გურულებს: ნუ შეგეშინდებათ, ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს არჩევანს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემთ. ბიძინას მოსაშორებლად ჩვენ დავიცავთ ყველა თქვენს ხმას და დასრულდება ეს ძალადობა, დაპირისპირება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზა არის და იქნება ევროპისკენ", - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა