ელისაშვილი: პარლამენტარის მამას შეურაცყოფა მიაყენეს, კაცი გარდაიცვალა

24.10.24 00:16
ელისაშვილი: პარლამენტარის მამას შეურაცყოფა მიაყენეს, კაცი გარდაიცვალა

მოქმედი პარლამენტარის ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა - განცხადება კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, კაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას ტელეფონით დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიტიკოსი მომხდარის გამოძიებას ითხოვს: 

ხელისუფლების წარმომადგენელი არის საბურთალოს საოლქო კომისიაში ვინმე თეონა ჯაფარიძე, რომელმაც დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ალექსანდრე თურაზაშვილმა ქეთის დაურეკა, თავის შვილს და უთხრა, ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გადახარშვა, ამ შეურაცხყოფის, რაც ამ ქალმა, თეონა ჯაფარიძემ მომაყენა და ამის შემდეგ, რამდენიმე წუთი, თურმე ქეთი ცდილობდა მის დამშვიდებას ტელეფონით და თურმე, სანამ ქეთიმ მისი მონახულება მოახერხა სახლში მისვლა, დაემართა გულის შეტევა და ალექსანდრე თურაზაშვილი გარდაიცვალა.

ეს ხალხი ისე დააპირისპირეს, რომ ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ეს ტრაგიკული ამბავი არ არის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძება, რა მოხდა სინამდვილეში, ყურში მოკიდონ იმ თეონა ჯაფარიძეს ხელი და მიიყვანონ დაკითხვაზე", - ამბობს ელისაშვილი. 

ქეთი თურაზაშვილის მამის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.