გომელაური "ხარებას" და მილერი ლაგაზაურს "გმირებს" უწოდებს, კობახიძე კი მადლობას უხდის
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს "გმირებს" უწოდებს.
მშვიდობიანი აქციის დარბევაში მხილებული მაღალჩინოსნები შს მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზის დათვალიერების შემდეგ შეაქო:
მინდა შსს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ბაზაზე და მინდა მათ ვუთხრა მადლობა, ზუსტად ბატონ ზვიადს (ხარებას) თავის ქვეყნისთვის, რაც გაუკეთებია და ამ ადამიანებს. ეს ადამიანები ყოველთვის თავის სამშობლოს იცავენ. ომი იყო, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ. მართლა გმირები არიან ბატონი ზვიადიც და ბატონი ლაგაზაურიც“, - განაცხადა გომელაურმა.
სპეცრაზმის შეფს და მის მოადგილეს მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეც. ქვეყნის პრემიერის თქმით, ყველა მიმართულებით გდდ-ის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მადლობას ვუხდი ამ დეპარტამენტის, ამ სამსახურის თითოეული წარმომადგენელს, რა თქმა უნდა მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და მინდა ყველა მივულოცო ამ ახალი ბაზის გახსნა“, - განაცხადა კობახიძემ.
"ტვ პირველმა" მინისტრს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზებასთან დაკავშირებითაც ჰკითხა.
გომელაურის თქმით, "ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ), დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რადგან ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ელემენტარულად არ ჰყოფნის".
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური 16 სექტემბერს დაასანქცირა.
შტატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს სანქციები საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დაუწესა.